ეს პოსტი წარმოადგენს უსაფრთხოებისა და ადვოკატირების შესახებ პოსტთა სერიის ნაწილს, რომელიც შექმნილია საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის ჯგუფის მიერ. პოსტის ავტორია ადამიანის უფლებათა ჯგუფის თანამშრომელი.
უმეტესი ადამიანისთვის ონლაინ ყოფნა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ზოგიერთი ონლაინ და რეალურ ცხოვრებას ერთმანეთისგან არც კი ყოფს, რადგან ინტერნეტი შეზრდილია საზოგადოებაში. ონლაინ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ: ვაზიარებთ ფოტოებსა და სთორებს, ვმართავთ ფინანსებს, ვესწრებით გაკვეთილებს, წვლილი შეგვაქვს მსოფლიო ცოდნაში. ამ ყველაფერს შეიძლება ძლიერ პრივატულად ვგრძნობდეთ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ძლიერ საჯარო იყოს. ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად საჯაროა თქვენი ინფორმაცია? ზოგჯერ თქვენი პირადი ინფორმაცია იმაზე მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ამან შეიძლება დოქსინგის საგანი გაგხადოთ.
რამდენად ფრთხილი ხართ პირადი დეტალების ონლაინ გამოქვეყნებისას?
პირველი შეიძლება გაგახსენდეთ სახელმწიფო საიდენტიფიკაციო დეტალები, თქვენი მისამართი ან დაბადების თარიღი. პერსონალური დეტალი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული თქვენი სკოლის მეტსახელიდან, დამთავრებული იმ მატარებლით, რომლითაც ყოველდღე სამსახურში დადიხართ ან ისიც კი, სად ამჯობინებთ დილით ყავის დალევას.
იყენებთ თუ არა ნამდვილ სახელს?
თქვენი ნამდვილი სახელი შეიძლება ნებისმიერი ნაწილი იყოს თქვენი სახელისა, მეტსახელისა, აბრევიატურისა ან თქვენ მიერ ხშირად გამოყენებული ნიკნეიმისა.
იყენებთ თუ არა ერთსა და იმავე მომხმარებლის სახელს სხვადასხვა პლატფორმაზე?
გარკვეულ მომენტში ასეთი რამ შეიძლება ყველას მოსვლია. ადვილია „მიეწებო“ მომხმარებლის სახელს, რადგან ის პიროვნების იდენტობის ნაწილი ხდება.
გაქვთ თუ არა საკუთარი იდენტიფიცირებადი ფოტოები ვიკიპედიის პირად გვერდზე ან მასთან დაკავშირებულ გვერდებზე?
ამის გარდა, რას ამბობს ამ ფოტოების აღწერილობები? მიუთითებს თუ არა ადგილმდებარეობაზე, ორგანიზაციებზე ან აქტივობებზე?
არის თუ არა თქვენი ელ-ფოსტა ღიად გამოქვეყნებული?
თანამშრომლობა ჩვენს, როგორც ვიკიმედიელთა ბუნებაშია. ელ-ფოსტის მისამართი შეიძლება კომფორტული გზა იყოს, რათა ვინმე დაგვიკავშირდეს. თუ ელ-ფოსტის ეს მისამართი სხვა საიტებზეც არის გამოყენებული, ვინმემ შეიძლება უფრო მეტ ინფორმაციას მოუყაროს თავი თქვენ შესახებ.
როგორ გამოიყურება თქვენი სოციალური მედიის კონფიდენციალურობის პარამეტრები?
აძლევთ თუ არა ვინმეს საშუალებას, რომ მოგძებნონ ელ-ფოსტის მისამართით, სახელით ან ტელეფონის ნომრით? გაქვთ თუ არა ეს დეტალები თქვენს პროფილზე ხელმისაწვდომი სხვებისთვის, ისეთებისთვისაც კი, ვინც არ გყავთ დამეგობრებული?
რამდენად ადვილია თქვენი ონლაინ მე-ს თქვენს რეალურ (ოფლაინ) მე-სთან დაკავშირება?
თუკი ვინმე ინტერნეტში სახელდახელოდ მოძებნის, რას იპოვიან თქვენს ვიკიპედიის გვერდზე? იპოვიან თუ არა ინფორმაციას თქვენი სახლის, სამსახურის ან ოჯახის შესახებ?
თუ ზოგიერთ ამ კითხვაზე არ გიფიქრიათ, ამის დასაწყებად არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ახლაა. ამ სამყაროში, ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შეტანა შეიძლება რადიკალური აქტი იყოს, აქტი, რომელმაც გასაჭირში ჩაგაგდოთ დოქსინგის მეშვეობით.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, მოხდა ვიკიმედიის საზოგადოების წევრთა ნახევარზე მეტის დოქსინგი სხვადასხვა პრო-პუტინისტურ ტელეგრამ არხებზე. თუმცა, დოქსინგი სულაც არ არის საზოგადოებისთვის ახალი. 2021 წელს, ჩინელმა ვიკიმედიელებმა მოახდინეს ჰონგ-კონგელი ვიკიმედიელების დოქსინგი და დაემუქრნენ მათ შესახებ ინფორმაციის პოლიციისთვის მიწოდებით — მიზეზი იყო ის, რომ ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ პრო-პეკინურ ნარატივებს. გაერთიანებულ სამეფოში, ბრექსიტის მსვლელობისას, იყო რედაქტორთა დოქსინგის რამდენიმე მცდელობა. მართლაც, არსებობს დეტალური ბლოგპოსტიც კი, რომელშიც აღწერილია ონლაინ ხელმისაწვდომ ვიკიმედიელთა დოქსინგის გზები. თავდაცვა მნიშვნელოვანია!
რა არის „დოქსინგი“?
დოქსინგი ისეთი რამ არის, რასაც თავი უნდა აარიდოთ, თუ ეს შესაძლებელია. დოქსინგი კონფიდენციალურობის მწვავე დარღვევაა, ციფრული ძალადობის ფორმა, რომელშიც ვიღაც აგროვებს და აქვეყნებს პირად მაიდენტიფიცრებელ ინფორმაციას პიროვნების შესახებ ცუდი განზრახვით. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს რეალურ სახელს, ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს, სოციალური მედიის ანგარიშებს, ფოტოებს, დაბადების თარიღს, სახლის და სამსახურის მისამართებს. დოქსერები მთელ რიგ ურთიერთდაკავშირებულ მეთოდებს იყენებენ, Google-ის მარტივი ძიებიდან დაწყებული, სოციალური მედიითა და მონაცემთა ბროკერებით დამთავრებული. ერთი მინიშნება ხშირად დაკავშირებულია მეორესთან, რაც ქმნის დოსიეს თუ ვინ ხართ თქვენ, სად მუშაობთ, როგორ გამოიყურებით, სად ცხოვრობთ და როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს დოქსინგმა თქვენს ცხოვრებაზე?
მიუხედავად იმისა, რომ დოქსინგის შედეგები დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის რა სახის ინფორმაცია გამოქვეყნდა, რამდენად ფართოდ იყო ის გაზიარებული, რა იყო განზრახვა, კონტექსტი და ასე შემდეგ, უცხო პირთა ხელში მოხვედრილი პირადი ინფორმაცია ცუდია, მათი განზრახვის მიუხედავად. დოქსინგის მთავარი პრობლემაა, თუ რამდენად ადვილად გასაკეთებელია ის. ძალიან ბევრი ინფორმაციაა ონლაინ ხელმისაწვდომი და ის ადვილი საპოვნელია. დოქსინგი ვინმეს დაზიანების ადვილი გზაა, სამართლებრივ რესურსთა არარსებობის შემთხვევაში ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც ისედაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. ამიტომ გახსოვდეთ — დოქსინგის მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს, მათ შორის, თქვენც.
რატომ უნდა გაღელვებდეთ?
ვიკიმედია ერთდროულად პლატფორმაც არის და მოძრაობაც, რომლის ნაწილიც არის გამჭვირვალობა და ღიაობა. რამდენადაც უნიკალური და საოცარიც არის თანამშრომლობა მსოფლიოს ცოდნის კურირებაში, ეს ვიკიმედიელებს განსაკუთრებით მოწყვლადსაც ხდის დოქსინგისადმი. მიუხედავად იმისა, რომ „ფონდ ვიკიმედიას“ კონფიდენციალურობის მკაცრი პოლიტიკა აქვს და ამას ძლიერ სერიოზულად ეკიდება, ვიკიმედიის პროექტები არსით კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული არ არის. ზედმიწევნით იწერება და აღირიცხება თქვენი ყოველი ქმედება პლატფორმის მასშტაბით და ის ყველასთვის ხილულია. ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია კოლაბორაციული პროექტისთვის, მაგრამ ასევე შეიცავს სხვადასხვა რისკებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე თქვენს იდენტიფიცირებას ცდილობს. არსებობს კონფიდენციალურობის სამი მახასიათებელი, რომლის გაკონტროლებაც თავად შეგიძლიათ. პირველია ანგარიშის შექმნა მომხმარებლის სახელით, რათა დამალოთ IP მისამართი; მეორეა კარგად დაფიქრდეთ „გამოქვეყნების“ ღილაკზე დაჭერამდე; და მესამეა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მომხმარებლის გვერდი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ამჟღავნებს თქვენს რეალურ იდენტობას.
ჩვენ, როგორც მოძრაობა, ერთად მჭიდროდ ვმუშაობთ, არა მხოლოდ ონლაინ, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც, სხვადასხვა ღირებულებათა, პერსპექტივებისა და შეხედულებების მქონე ინდივიდებთან, რათა შევქმნათ მსოფლიოში უდიდესი ენციკლოპედია. ვიკიმედიის პროექტები, როგორც ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ვებსაიტი, ხმოვანი ასისტენტით ხელმისაწვდომი ცოდნით, რომელიც ასევე იყენებს Wikimedia API — არის ცენტრში იმისა, თუ რამდენი ადამიანი აყალიბებს თავის აზრებს ბევრ თემაზე. ეს კი ვიკიმედიელებს ავტომატურად აყენებს მოწყვლად პოზიციაში. ეს მოწყვლადობა შეიძლება მომდინარეობდეს საზოგადოების წევრებისგან, რომლებთანაც რეგულარული შეხება გაქვთ და უფრო დიდი ძალებისგან, რომლებსაც არ სიამოვნებთ ნეიტრალური და გადამოწმებადი ცოდნის გავრცელება.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, დოქსინგისგან თავდაცვის საუკეთესო გზა პირველ რიგში არის იმაზე დათანხმება, რომ ეს ნამდვილად შეიძლება დაგემართოთ. მეორე — იცოდეთ და მიიღოთ ზომები ონლაინ თქვენი პირადი ინფორმაციის შესაზღუდად. ბოლოს და ბოლოს, დოქსინგი ხშირად წარმოშობს შემდგომ ციფრულ თავდასხმებს და ფიზიკური ზიანის საფრთხესაც კი.
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation