
მომხმარებლის სახელი თქვენი ვიკიმედიური და უფრო ფართო ციფრული იდენტობის ცენტრალური ნაწილია. ციფრული საფრთხეებისადმი ვიკიმედიელები უდავოდ უფრო მიდრეკილები არიან, ვიდრე საშუალო ინტერნეტმომხმარებლები. მომხმარებლები ურთიერთობენ ინდივიდებთან, რომლებსაც აქვთ სრულიად სხვადასხვა ღირებულებები, პერსპექტივები, შეხედულებები და ასე, ერთად მუშაობენ მსოფლიოში უდიდესი ენციკლოპედიის შექმნაზე. სწორედ ეს აყენებს ვიკიმედიელებს მოწყვლად პოზიციაში, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც შეიძლება არ ეთანხმებოდეს ვიკიპედიაში ასახულ კონტენტს.
მიუხედავად იმისა, რომ „ფონდი ვიკიმედია“ გარკვეულ ზომებს იღებს თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად, ჩვენ ასევე გთავაზობთ, რომ თქვენც მიიღოთ ის ზომები, რაც შეგიძლიათ. ამის დაწყების საუკეთესო წერტილი კი თქვენი მომხმარებლის სახელია.
მომხმარებლის სახელი თქვენი იდენტობის გამოხატულებაა და არსებობს კრეატიულობის დიდი შანსი. მომხმარებლის სახელით ვიკიმედიის პროექტებში თითქმის უსასრულო შესაძლებლობები გაქვთ. აგრეთვე, ვიკიმედიის საიტების ბუნებიდან გამომდინარე, მომხმარებლის სახელები საჯაროდ ხილვადია.
ბევრი მომხმარებელი შეიძლება ცდუნდეს და მომხმარებლის სახელად გამოიყენოს ნამდვილი სახელი ან ისეთი სახელი, რომელიც ადვილად გაიშიფრება (მაგალითად, დაბადების წელი, მშობლიური ქალაქი და ა. შ.). მომხმარებელთა იდენტიფიცირება შედარებით ადვილია ღია რედაქტირებასთან კომბინაციაში, რომელიც საიტებზე განხორციელებულ ყოველ რედაქტირებას აღრიცხავს.
მაგალითად, თუ მომხმარებელი „Phoebe2005“ არედაქტირებს ისეთ სტატიებს, როგორიცაა „ისტ-ვილიჯი (მანჰეტენი)“, „სტაივისანტის უმაღლესი სკოლა“ და „ბრონქსის ღამის ბაზარი“ — შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რედაქტორის ნამდვილი სახელია „ფობე“ (Phoebe), დაიბადა 2005 წელს და სავარაუდოდ, გარკვეული კავშირი აქვს ქალაქ ნიუ-იორკთან. ასევე შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწავლობს სტაივისანტის უმაღლეს სკოლაში და ხშირად სტუმრობს ბრონქსის ღამის ბაზარს.
ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იგივე ან გარკვეულწილად მსგავს სახელს იყენებთ სხვა პლატფორმებზე, მაგალითად, Instagram-ზე, TikTok-ზე ან X-ზე (ყოფილი ტვიტერი). ამ საიტების კონფიდენციალურობის პარამეტრებიდან გამომდინარე, პოტენციურმა ცუდმა მოთამაშემ შეიძლება ადვილად მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება და შექმნას თქვენზე გზამკვლევი, რომელშიც ჩანს, ვინ ხართ, სად სწავლობთ, სად მუშაობთ, როგორ გამოიყურებით, სად ცხოვრობთ, როგორ დაგიკავშირდნენ შენ.
ხშირად, მომხმარებლის სახელით Google-ში მარტივად ძიება საკმარისია, რათა ვინმემ თქვენს შესახებ ბევრი პირადი ინფორმაცია ამოიღოს. ამან კი შეიძლება მთელი რიგი საფრთხეების წინაშე დაგაყენოთ. მათ შორისაა დოქსინგი (დოქსინგი არის პიროვნების შესახებ პერსონალური ინფორმაციის ინტერნეტით გამოვლენა და მისი თანხმობის გარეშე პიროვნების გამჟღავნება), თვალთვალი, შევიწროება, როგორც ონლაინ, ისე რეალურ ცხოვრებაში.
რა შეიძლება მოიმოქმედოთ? — ყურადღებით აარჩიეთ მომხმარებლის სახელი!
- არ გამოიყენოთ ნამდვილი სახელი ან ისეთი სახელი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მინიშნებებს თქვენს ნამდვილ იდენტობაზე (დაბადების თარიღი, წელი და მშობლიური ქალაქი).
- გამოიყენეთ სახელი, რომელიც განსხვავდება ინტერნეტში არსებული თქვენი სხვა სახელებისგან.
- ეცადეთ, თავი აარიდოთ მხოლოდ ისეთი თემების რედაქტირებას, რომლებიც პირდაპირ თქვენს პიროვნებასთანაა დაკავშირებული — მაგალითად, ამჟამინდელი და ყოფილი სასწავლებლები, მშობლიური ქალაქი, შენობა, სადაც ცხოვრობთ, რომელ რელიგიურ დაწესებულებაში დადიხართ და ა. შ.
თუ უკვე გაქვთ ვიკიმედიის ანგარიში და მომხმარებლის სახელის შეცვლა გსურთ, ამაში მოხალისე საზოგადოება დაგეხმარებათ. ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მეტა-ვიკიზე — ვიკიმედიის საიტების საკოორდინაციო პლატფორმაზე. გახსოვდეთ, რომ სახელის ცვლილების შესახებ ჩანაწერი საჯაროა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცუდმა აქტორმა შეიძლება ერთმანეთთან მაინც დააკავშიროს თქვენი ძველი და ახალი სახელები და შეძლოს თქვენი იდენტიფიცირება. ამიტომ, შეიძლება გიღირდეთ ახალი ანგარიშის შექმნა.
და ბოლოს, გადახედეთ ინტერაქციულ ონლაინკურსს Totem Project-ისგან, რომელიც უფრო მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ონლაინსივრცეში თქვენი პერსონალურობის დაცვის შესახებ.

Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation