„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ ვიკიბანაკების ორგანიზების ისტორია 2019 წელს იწყება, სადაც პირველი ვიკიბანაკი ბაკურიანში გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ბანაკი არ გამართულა, 2022 წელს კვლავ აღვადგინეთ ტრადიცია და ბორჯომში გავმართეთ ვიკიბანაკი.
პედაგოგების ბანკის იდეაც სწორედ 2022 წელს დაიბადა და 2023 წლის მარტში შედგა პირველი მასწალებლის ვიკიბანაკი. ბანაკში პედაგოგები რეგისტრაციის გარეშე შევარჩიეთ ვიკიკლუბების გახსნის პერსპექტივით. სადაც არსებობდა შესაბამისი ბაზა, სწორედ აღნიშნული სკოლებიდან შეირჩა მონაწილეთა დიდი ნაწილი. ბანაკის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა შორის უმეტესობა ვიკიპედიის აქტიური რედაქტორი გახდა, დარჩნენ ვიკიპედიაში და ამით დაიწყო ვიკიპედიის კონტენტის გაზრდა. იდეამ გაამართლა! მიღებული შედეგების საფუძველზე გადავწყვიტეთ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ისევ გაგვეთვალისწინებინა პედაგოგების ბანაკი.
2024 წლის ვიკიბანაკის მონაწილეთა შერჩევისათვის შერეული სისტემა შევარჩიეთ. 16 მონაწილიდან 6 შევარჩიეთ იმ სკოლების პედაგოგებიდან, სადაც წელს ვაპირებთ ვიკიკლუბების გახსნას (საგარეჯოს, ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლები). თითოეული სკოლიდან 2-2 მონაწილე. დარჩენილი 10 ადგილისათვის, 2024 წლის 22 იანვარს დავაანონსეთ ვიკიბანაკი პედაგოგებისათვის და ოფიციალური ფეისბუკგვერდის მეშვეობით გამოვაცხადეთ საკონკურსო რეგისტრაცია. რეგისტრაცია სულ 4 დღე მიმდინარეობდა და დასრულდა 2024 წლის 25 იანვრის, 18:00 სთ-ზე.
პედაგოგების მხრიდან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. სულ დარეგისტრირდა 500-ზე მეტი პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან და მუნიციპალიტეტიდან, რაც ჩვენთვის ძალზედ სასიამოვნო იყო, რადგან აშკარად დავინახეთ თუ რამდენად პოპულარულია ვიკიპედია და ვიკიტექნოლოგიები საქართველოს მასშტაბით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კანდიდატურების შესარჩევმა კომისიამ ზღვა სამუშაო გასწია და რამდენიმე დღიანი, დღეში რამდენიმესაათიანი მძიმე, დამღლელი და ამავე დროს სასიამოვნო მუშაობის შემდეგ შეარჩია 10 მონაწილე.
ვიკიბანაკი, ყველა მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ, 2024 წლის 8–11 მარტს, ქალაქ ბორჯომში გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა სკოლის 16-მა მასწავლებელმა ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის საბაზისო პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიმონაცემები, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.
მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ ვიკიმედია საქართველოს შერჩეულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, მათ დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში, ელემენტები ვიკიმონაცემებში და ატვირთეს სურათები ვიკისაწყობში.
ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიმონაცემებს ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა. აღსანიშნავია, რომ ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე მასწავლებელი, ბანაკის შემდეგ ჩაირთო ვიკიმედია საქართველოს კონკურსში „ვიკიგაზაფხული 2024“, რომლის ფარგლებში შექმნა 56 ახალი სტატია ქართულ ვიკიპედიაში და დაიკავა მეორე ადგილი.
ვიკიმედია საქართველო უკვე მუშაობს 2025 წლის მასწავლებლის ბანაკის მოწყობაზე, რომელიც ტრადიციულად მარტში, ქალაქ ბორჯომში გაიმართება.
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation