ვიკიმედია საქართველოს დელეგატების შთაბეჭდილება „Wikimedia CEE Meeting 2024“-დან

Translate this post

2024 წლის 20-22 სექტემბერს სტამბოლში (თურქეთი) გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების ყოველწლიური კონფერენცია (Wikimedia CEE Meeting 2024), სადაც ვიკიმედია საქართველოდან მონაწილეობა 5 დელეგატმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის კონფერენცია თბილისში, საქართველოში გაიმართა, რომელსაც ვიკიმედია საქართველო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მასპინძლობდა.

„Wikimedia CEE Meeting 2024“-ის მონაწილეები სტამბოლში.
ფოტო: Adem, CC BY 4.0, from Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ვიკიმედია საქართველოს დელეგატებმა თავიანთი შთაბეჭდილება გაგვიზიარეს შეხვედრის შესახებ, მათ შორის, კონფერენციის პროგრამის, პირადი გამოცდილების და გარემოს შესახებ.

ვიკიმედია საქართველოს ერთ-ერთი დელეგატი, მარიამ ქვარცხავა, რომელიც ასევე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრია, გვიყვება, რომ ღონისძიება ჰასანფაშას გაზჰანეს ტერიტორიაზე გაიმართა, რაც თავის მხრივ იყო ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ლოკაცია, ასევე საზოგადოებისა და ახალგაზრდების შეკრების ადგილი, ბევრი გარე სივრცით, დასასვენებელი ტერიტორიით, და ეს ყველაფერი აჩენდა ქალაქის შუაგულში კომფორტულ, რეკრეაციულ ზონაში ყოფნის განცდას და თავის მხრივ ზრდიდა უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მუშაობის სურვილს.

მარიამ ქვარცხავა კონფერენციის დროს, Photo by Adem, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)

სწორედ მსგავსმა გარემომ უზრუნველყო ათობით ქვეყნის წარმომადგენელთა დაახლოება, ერთმანეთის გამოცდილების აქტიური გაზიარება, ახალი კავშირების დამყარება და საერთო ინტერესის მქონე ადამიანების მოტივირება.“ — მარიამ ქვარცხავა.

ვიკიმედია საქართველოს სხვა დელეგატმა, ზურა ლებანიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის „CEE“-ის სტამბოლის კონფერენციაზე მიიღო განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც გამორჩეული იყო არა მხოლოდ შინაარსით, არამედ მისი სოციალური და მეგობრული გარემოთი. მისთვის ეს კონფერენცია გახდა პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ ვიკიმედიის საკითხებს ემსახურებოდა, არამედ კავშირების შექმნასა და ადამიანების ურთიერთგაგებასაც ემსახურებოდა.

პირველივე წუთებიდან ნათელი იყო, რომ მონაწილეები არა მხოლოდ ცოდნის გასაზიარებლად იყვნენ აქ, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობისა და კოლექტიური გამოცდილების გაზიარების სურვილით. შეხვედრის ყოველი მომხსენებელი, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ძალიან ღია და მოწადინებული იყო დაეხმაროს, როგორც გამოცდილ, ისე ახალ მონაწილეებს. ეს შეხვედრა იყო არა მხოლოდ შრომისა და იდეების გასაზიარებელი პლათფორმა, არამედ პირადი კავშირების ჩამოყალიბების საშუალება. სოციალური აქტივობები, ერთმანეთთან საუბრები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისთვის.“ — ზურა ლებანიძე.

იაკობ მახარაძე კონფერენციაზე, photo by
Adem
, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)

ვიკიმედია საქართველოს კიდევ ერთმა დელეგატმა, იაკობ მახარაძემ აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია პირველი იყო, რომელსაც ქართული ვიკიპედიის სახელით მან ქვეყნის გარეთ დაესწრო და რომ იგი სრულიად განსხვავდებოდა ათეულობით სხვა კონფერენციისგან, რომელთაც საქართველოს ან სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში დაესწრო.

იაკობმა, ორმხრივ თუ მრავალმხრივ დისკუსიებში კონფერენციის მონაწილეებთან უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ვიკიპროექტების გამოწვევებზე, ვიკიტექნოლოგიების დანერგვაზე, ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, მოხალისეობასა და ჩართულობაზე, ასევე ერთობლივ თანამშრომლობაზე.

Wikimedia CEE Meeting 2024 პირველი ვიკიკონფერენცია იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, რომელსაც დავესწარი. კონფერენციამ ვიკისაზოგადოებასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები ძირეულად შეცვალა. გავაცნობიერე, რამდენი საერთო გვაქვს ცოდნის გავრცელებით შეპყრობილ ადამიანებს და რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად, განსაკუთრებით, მეზობელი და პატარა ვიკიპედიების ერთობლივი თანამშრომლობით.“ — იაკობ მახარაძე.

ვიკიმედია საქართველო განსაკუთრებით მოხარულია, რომ ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონის ყველაზე დიდ ვიკიმედიურ შეხვედრაზე, შეიძინეს ამ შეხვედრაზე ახალი ცოდნა და მეგობრები და შეძლეს თავიანთი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება სხვებს. ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტია ვიკიმედია საქართველოს გუნდისა და მოხალისეების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, სადაც ახალგაზრდების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ვიკიმედია საქართველოს დელეგაცია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების ყოველწლიურ შეხვედრაზე, photo by
Adem
, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)

გაეცანით ვიკიმედია საქართველოს დელეგატების ინდივიდუალურ მოხსენებებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების 2024 წლის შეხვედრიდან უფრო მეტი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად:

Can you help us translate this article?

In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?