
photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
ვიკიმედია საქართველო უკვე მესამე წელია ტრადიციულად პედაგოგებისათვის ატარებს ვიკიბანაკს, რომელიც ასევე ტრადიციულად ქალაქ ბორჯომში იმართება. წელს მორიგი, მესამე ბანაკი გავმართეთ პედაგოგებისთვის.
ბანაკისათვის, საქართველოში მოქმედი ვიკიკლუბების ხელმძღვანელების რეკომენდაციით შევარჩიეთ პედაგოგები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლებიდან. ზოგიერთი პედაგოგი ბანაკში მოვიწვიეთ იმ რეგიონებიდან, სადაც ვიკიკლუბები გვაქვს გახსნილი, რათა გავაძლიეროთ კლუბების მუშაობა.

photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
ბანაკში მოვიწვიეთ პედაგოგები, არალის, სამტრედიის, მარნეულისა და რუსთავის ვიკიკლუბებიდან. გარდა ამისა ბანაკში მონაწილეობის უფლება მივეცით ისეთ პედაგოგებს, სადაც პერსპექტივაში ვგეგმავთ ახალი ვიკიკლუბების გახსნას (თბილისის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლა, კასპის სკოლა-გიმნაზია, ქუთაისის, ყვარელისა და ზესტაფონის სკოლები). ბანაკში ასევე მოვიწვიეთ ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის თითო-თითო თანამშრომელი.
ბანაკი გაიმართა ქალაქ ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასის“ ბაზაზე 12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. 12 მარტს, ვიკიმედია საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ესაუბრა ბანაკის მონაწილეებს ორგანიზაციაზე და მის სამომავლო მიზნებზე.

სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა 13, 14 და 15 მარტს დღეში სამჯერ 1,5 და 2 საათიან სესიებზე. 13 მარტს ბანაკის მონაწილეებს შევასწავლეთ ვიკიპედიაში სტატიების წერის უნარ-ჩვევები, ავუხსენით სამუშაო პანელის ღილაკების დანიშნულება და პრაქტიკულად შევასრულებინეთ დავალებები. ამავე დღეს მათ ისწავლეს, ლიტერატურის, ინტერნეტ რესურსებისა და სქოლიოს მითითების წესები, სტატიაში ფაილის ჩასმა და კატეგორიის მითითება.
მეორე სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეებს გავაცანით ვიკიპედიის დობილი პროექტები ვიკიმონაცემები, ვიკიწყარო და ვიკისაწყობი. პედაგოგებმა გაიცნეს მათში მუშაობის პრინციპები და დღის ბოლოს ვასწავლეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სტატიების წერის და თარგმნის პრინციპები.
მესამე სამუშაო დღეს, სამი სესიის განმავლობაში ბანაკის 18-ვე წევრი სტატიებს წერდა ვიკიპედიაში. საერთო ჯამში ბანაკის ტრენერების რეკომენდაციებითა და დახმარებით მონაწილეებმა ჯამში ახალი 65 სტატია დაწერეს ქართულენოვან ვიკიპედიაში.

ამჟამად ქართულენოვან ვიკიპედიაში მიმდინარეობს კონკურსი „ქალები ვიკიპედიაში“, რომლის მიზანია ქართულენოვან ვიკიპედიაში ქალების შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ ბანაკის ექვსმა მონაწილემ, ბანაკის მსვლელობის დროს დაწერა 16 სტატია მიმდინარე კონკურსის ფარგლებში.
აღსანიშნავია ასევე ის, რომ მიმდინარე წლის ბანაკში მონაწილეობდა თურქულენოვანი ვიკიპედიის რედაქტორი და ვიკიმედია თურქეთის კომუნიკაციების ოფიცერი ჯანერ იოზიაიქჩი, რომელიც ვიკიმედია საქართველოს მოწვევით ჩამოვიდა. ბანაკის მსვლელობისას, მან მონაწილეებს აუხსნა ვიკიმედიის ვიკისაწყობის მუშაობის პრინციპი, სალიცენზიო პოლიტიკა და ვიკისაწყობში ფოტოების ატვირთვა. გარდა ამისა, მან ასევე მთელი ბანაკის განმავლობაში სურათები გადაიღო სამუშაო პროცესს, დაამუშავა ისინი და ატვირთა ვიკისაწყობში.
ბანაკი, პედაგოგებისთვის და ბანაკის სხვა მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. ვიტოვებთ იმედს, რომ ბანაკის მონაწილეების დიდი ნაწილი დარჩება ქართულ ვიკიპედიაში, გააგრძელებს სტატიების წერას და ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების გამდიდრებას ახალი რესურსებით.

Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation