
ღიაობა და გამჭვირვალობა ვიკიმედიის მოძრაობისთვის ფუნდამენტური პრინციპია. სწორედ ისინი განაპირობებს მრავალფეროვან, გლობალურ საზოგადოებას, რომელიც თანამშრომლობს საერთო მისიის გარშემო — ერთად მოუყაროს თავი კაცობრიობის მიერ დაგროვებულ მთელ ცოდნას.
თუმცა, რამდენად უნიკალური და საოცარიც არ უნდა იყოს, იგი ამავე დროს ვიკიმედიელებს აქცევს დაუცველს და მოწყვლადს ციფრული ძალადობის წინაშე, ზუსტად იმიტომ, რომ გამჭვირვალობა ასევე პრიორიტეტია ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის, კულტურისა და შიდა პრაქტიკისთვის. ეს მთლად იმასაც არ ნიშნავს, რომ ვიკიმედია და კონფიდენციალურობა ოქსიმორონებია. პირიქით! კონფიდენციალურობა ღირებული და დაფასებულია, როგორც ამას ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ფსევდონიმებით ანგარიშების გახსნის კულტურა მიუთითებს.
საზოგადოების ცალკეული წევრებისთვის, ეს ბადებს ნამდვილად აქტუალურ კითხვას:
როგორ უნდა დააბალანსოთ ნიუანსები მოძრაობის მიერ გამჭვირვალობისა და ღიაობის ერთგულებასა და კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოების საჭიროებებს შორის?
ამ კონცეფციასთან დაკავშირებულ კითხვებს შორის არის:
- როგორ წყვეტთ, გამოიყენოთ თუ არა თქვენი ნამდვილი სახელი ვიკიმედიის პროექტებში მომხმარებლის სახელად?
- როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, დაეთანხმოთ ფოტო-ვიდეო გადაღებას საზოგადოებრივ ღონისძიებაზე დასწრებისას?
- როგორ ახერხებთ ვიკიმედიაში ონლაინ ყოფნის მართვას თქვენი ონლაინ „მეს“ სხვა ასპექტებთან ერთად?
ამ კითხვებზე პასუხი მარტივი არ არის. არ არსებობს ერთიანი მიდგომა და თანაც, კონტექსტი მნიშვნელოვანია.
გაიგეთ თქვენი კონტექსტი
რადგან ონლაინ სივრცეები სულ უფრო და უფრო საკამათო ხდება, ვიკიმედიის მოძრაობაში ჩართვა სულ უფრო რთული გახდა მთელ მსოფლიოში. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ვინ ხართ თქვენ, საიდან მონაწილეობთ, ვისთან ერთად მუშაობთ, და თემები, რომლებზეც თქვენ მუშაობთ — გავლენას ახდენს თქვენი რისკ-პროფილზე, როდესაც ჩართული ხართ ვიკიმედიაში და წვლილი შეგაქვთ ვიკიმედიის პროექტებში.
რაც არ უნდა იყოს თქვენი როლი მოძრაობაში, მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ თქვენს პოზიციაზე. ასე უნდა იყოს:
- ვიკიმედიაში
- საზოგადოებაში, რომელთანაც მუშაობთ
- სოციო-პოლიტიკურ და საკანონმდებლო კონტექსტში, რომელშიც მუშაობთ
- საქმეებში, რომლებსაც იცავთ და მხარს უჭერთ
- და თქვენს ონლაინ პროფილში.
როგორც კი ამ ძირითად საკითხებში გაერკვევით, უკეთესად შეგეძლებათ გამოავლინოთ რისკები და მიიღოთ პროაქტიული ზომები მათ შესამსუბუქებლად — ან უკეთესად მოემზადებით ამ რისკების გაჩენის შემთხვევაში.
გთავაზობთ რამდენიმე კითხვას, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ, რათა მოახდინოთ ვიკიმედიის კონტექსტუალიზაცია თქვენს გარემოსთან:
- როგორ არის ვიკიმედია წარმოდგენილი პრესაში?
- არის თუ არა ფართოდ გავრცელებული კონსპირაციული თეორიები ვიკიმედიის ან სხვა ონლაინ პლატფორმების შესახებ?
- ვინ არიან ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები? რას ამბობენ ისინი?
- რას ცხადყოფს ვიკიმედიის გამჭვირვალობის მოხსენება?
- როგორ უყურებს მთავრობა პლატფორმას და მოძრაობას?
- რა თემებია ტაბუდადებული ან განსაკუთრებით სენსიტიური?
- ვინ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქმეს, რომელსაც აკეთებთ?
- რა უარყოფითი რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ? ონლაინ შევიწროება? ოფლაინ? მუქარა? ძალადობა? სამართლებრივი დევნა?
ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღეთ რისკები, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს. მაგალითად, თუ ძალიან საკამათო თემებს არედაქტირებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს შევიწროების დონის ზრდა, როგორც ვიკიმედიის პლატფორმებზე, ასევე მის მიღმა. რა როლს ასრულებს ამ რისკებში თქვენი კონფიდენციალურობა? რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ვინმეს თქვენზე, პოტენციურად მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენონ. ამიტომ, კონფიდენციალურობა უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის გათვალისწინებით, ახლა განვიხილოთ კონფიდენციალურობის დაბალანსება ღია და თანამშრომლობითი მოძრაობაში მონაწილეობის პარალელურად.
იპოვეთ ბალანსი
ერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ, თქვენ, როგორც ვიკიმედიელმა იფიქროთ ბალანსის პოვნაზე კონფიდენციალურობასა და ღიაობას შორის, არის ის, რომ თქვენს თავს ჰკითხოთ: რატომ აზიარებთ იმას, რასაც აზიარებთ? იმიტომ, რომ პერსონალური კავშირის დამყარება გსურთ მოძრაობაში თქვენს წვლილთან? ასპექტები, რომლებსაც აზიარებთ თქვენ შესახებ, არის თუ არა ცოდნის შექმნის უფრო ფართო განაცხადის ნაწილი? დაკავშირებულია თუ არა თქვენს კარიერასთან და ჩართულობასთან მსხვილ პროექტებში თავისუფალი ცოდნისა და ცოდნის თანასწორობის შესახებ?
შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს თქვენს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რისი გაზიარება გსურთ საკუთარი თავის შესახებ. იმის გაგება, თუ „რატომ“, შეიძლება დაგეხმაროს განზრახვაში უკეთ გარკვევაში. განზრახვა ნიშნავს, რომ აცნობიერებთ და ეს გაცნობიერება საშუალებას გაძლევთ, მზად იყოთ და გაკვირვებული არ დარჩეთ. ბალანსის პოვნა გულისხმობს ინფორმირებულ არჩევანს, რომელიც თანხვედრაშია თქვენი კონფიდენციალურობის საჭიროებებთან, ღირებულებებთან და პოზიციასთან, რომელიც თქვენ, როგორც ვიკიმედიის მოძრაობის წევრს გიკავიათ.
დასკვნა
ამ ტექსტის მიზანი 100% უსაფრთხოების შექმნა არაა, რაც სამწუხაროდ, ისედაც მიუღწეველი იდეალია. მიზანი უფრო ისაა, რომ თქვენი ონლაინ გამოცდილება გახდეს უფრო უსაფრთხო, უფრო დაცული და ინფორმირებული. ამ პროცესში გადამწყვეტია თქვენი გარემოს გაცნობიერება, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ.
დასასრულს, ღიაობისა და კონფიდენციალურობის დაბალანსება ძლიერ ჰგავს ვიკიპედიის სტატიის რედაქტირებას. ეს მუდმივად მიმდინარე სამუშაოა, რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, ფრთხილად განხილვას და ადაპტაციას. მაგრამ თუ შეგნებულად გვეცოდინება, რას ვაზიარებთ, ბალანსის პოვნასაც შევძლებთ. შევძლებთ უსაფრთხოდ ყოფნას ისე, რომ თან გავაგრძელოთ კაცობრიობის მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის ერთ ადგილას თავმოყრას — უსაფრთხოდ.
დახმარება
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შეშფოთება კონკრეტულად ამ თემასთან ან უფრო ზოგადად ციფრული უსაფრთხოების სხვა ასპექტებთან დაკავშირებით, ან გსურთ, მეტი შეიტყოთ ვიკიმედიაში უსაფრთხოდ ჩართულობის შესახებ, ჩვენ, ადამიანის უფლებათა ჯგუფი (HRT), სიამოვნებით მოგაწვდით რჩევებს ან შეგხვდებით.
HRT მზადაა, შერჩეულ ვიკიმედიის ორგანიზაციებს შესთავაზოს „ციფრული კეთილდღეობის შემოწმება“ საჭიროების ან ჯგუფის შესაძლებლობების მიხედვით. „ციფრული კეთილდღეობის შემოწმება“ (Digital Wellness Check) არის სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც აფასებს ორგანიზაციის ციფრულ სიჯანსაღეს და გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს ვიზუალურ საგზაო რუკას. ეს პროცესი მოიცავს ~60 წუთიან საუბარს HRT-ის წევრთან, რასაც მოჰყვება ანგარიში ციფრული უსაფრთხოების გაუმჯობესების ქმედითი რეკომენდაციებით.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე talktohumanrights@wikimedia.org
შეგიძლიათ, იხილოთ სხვა პოსტები უსაფრთხოებისა და ადვოკატირების სერიიდან:
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation