გაიცანით ვიკიმედია საქართველოს ახალი სამეურვეო საბჭო

Translate this post

ვიკიმედია საქართველომ საერთო ფორუმის ჩასატარებლად და ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევისთვის მზადება 2025 წლის აგვისტოში დაიწყო. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ვიკიმედია საქართველოდ, ანუ ჩაპტერად გადაქცევის ამბავმა ამ ღონისძიებას მნიშვნელობა კიდევ უფრო შემატა, რადგან ეს ფორუმი და ახალი საბჭო პირველი იქნებოდა ორგანიზაციის ახალი, ჩაპტერის სტატუსის პირობებში.

ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები, photo by MIKHEIL (WMGE) and Kurmanbek, CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons.

არჩევნების მოსამზადებლად, წინა საბჭომ და ორგანიზაციის ადმინისტრაციამ დიდი სამუშაო გასწია, ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობით, განაახლა და მოამზადა საარჩევნო რეგლამენტი. 2025 წლის ოქტომბერში, ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ახალი საარჩევნო რეგლამენტი. ასევე დაამტკიცა 2026 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი და დაიწყო ორგანიზაციის ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

ნოემბრის დასაწყისში, ახალ რეგულაციებთან შესაბამისობით, გაიხსნა საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება, რაც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. პროცესის დასასრულს, ხუთწევრიან საბჭოში ადგილის დასაკავებლად შემოვიდა ექვსი განაცხადი. ორგანიზაციის წევრებს ერთი კვირის ვადა მიეცათ კანდიდატებისა და მათი განაცხადების შესაფასებლად.

14 დეკემბერს, ვიკიმედია საქართველომ წევრთა ყოველწლიური საერთო ფორუმი გამართა. ფორუმი ასევე მოიცავდა ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევას. შედეგად, საბჭოში ხუთი წევრი აირჩა, რომელთაგან ორი ახალი წევრია, სამი კი ხელახლა არჩეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალი საბჭოს წევრთა უმეტესობა ქალია (ხუთიდან სამი) — პირველად ორგანიზაციის ისტორიაში. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ორგანიზაციისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია, შეუჩერებლად მუშაობს წევრთა შორის მრავალფეროვნების გაუმჯობესებასა და ლიდერობის გაძლიერებაზე.

საბჭოს ახალი და ხელახლა არჩეულ წევრებს ვიკიმედიის ქართულენოვან პროექტებში მოხალისეობის დიდი წარსული აქვთ და ვიკიმედია საქართველოს აქტიური წევრები არიან. ბრწყინვალედ ესმით, სად სურთ, რომ იყოს ვიკიმედია საქართველო და ვიკიმედიის პროექტები მომავალ წლებში. ასევე კარგად აცნობიერებენ, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ ორგანიზაციას საკუთარი ჩართულობით.

ბექა ვიკიმედია საქართველოს საერთო ფორუმზე, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, photo by MIKHEIL (WMGE), CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons.

ბექა ბაიაშვილი, რომელიც ვიკიპედიას უკვე 11 წელია არედაქტირებს და ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს ახლად არჩეული თავმჯდომარეა, პროფესიით ეკონომისტია და სჯერა, რომ მომდევნო ორ წელიწადში, ორგანიზაცია უნდა ფოკუსირდეს ვიკიპედიასა და მის დობილ პროექტებში ინფორმაციის ხარისხისა და სიღრმის გაუმჯობესებაზე. როგორც საბჭოს თავმჯდომარე, ის ორგანიზაციას განვითარებასა და დაგეგმვაში დაეხმარება. პროფესიით ეკონომისტი და დასაქმებული ორგანიზაციაში, რომელიც ბიზნესს სერვისების ზრდაში ეხმარება, მას აქვს გამოცდილება და ცოდნა ორგანიზაციის ეფექტიან განვითარებასა და დაგეგმვაში, მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაში.

მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, ახალი ვიკიპედიელია, რომელიც ვიკიპედიას ორი წელია, რაც არედაქტირებს. საკუთარი კანდიდატურა ამ პოზიციაზე მან იმიტომ წამოაყენა, რომ მზად არის წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და სტრატეგიულ სამუშაოში. მისი აზრით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვიკიმედია საქართველო უნდა ფოკუსირდეს ორგანიზაციის მდგრადობასა და შიდა გაძლიერებაზე. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ფრთხილ დაგეგმვას და ფინანსური რესურსების კონტროლს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიმოზა არის მასწავლებელი და ვიკიმედია საქართველოს ერთ-ერთი ვიკიკლუბის მოხალისე კოორდინატორი საკუთარ სკოლაში.

გიგა დოგუზოვი ვიკიმედიის პროექტებს უკვე 10 წელია არედაქტირებს და ორგანიზაციის აქტიური წევრია, რომელიც ერთი ვადით უკვე იყო ორგანიზაციის საბჭოს წევრი. მას სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებებში ორგანიზაციის მენეჯმენტის მიმართულებით და მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც წვლილს შეიტანს ორგანიზაციის განვითარებასა და მისი წევრების კეთილდღეობაში. ასევე სურს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციას დაეხმაროს არსებულ მოხალისეთა მოტივირებაში, ვიკიმედიის პროექტებსა და ორგანიზაციაში ახალ წევრთა მოზიდვაში.

მარიამ ქვარცხავა ასევე უკვე 10 წელია, რაც ვიკიმედიის პროექტების მოხალისეა და იყო წინა მოწვევის საბჭოს წევრი, სადაც ის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისთვის სამეურვეო საბჭოს წევრობა ნიშნავს ორგანიზაციასთან კავშირის შენარჩუნებას, რაც მას მის სამუშაო პროცესებში აქტიურად დარჩენის საშუალებას აძლევს. მისთვის ეს გახლავთ შესაძლებლობა, იყოს ორგანიზაციის წევრთა ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მარიამ ამილახვარი 2021 წლიდან ვიკიმედიელია. არედაქტირებს ქართულ ვიკიპედიას და აქტიურად მონაწილეობს ვიკიმედია საქართველოს პირისპირ და ონლაინ ღონისძიებებში. 2023 წელს, ის ვიკიმედია საქართველოს წარმოადგენდა თბილისში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთი ვიკიმედიელთა შეხვედრაზე, 2025 წელს კი ორგანიზაციას მეორედ წარმოადგენდა საბერძნეთში გამართულ შეხვედრაზე. აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. სურს, რომ საკუთარი ცოდნით წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის განვითარებაში.

ვიკიმედია საქართველოს წევრები საერთო ფორუმის დროს, photo by MIKHEIL (WMGE), CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons.

ვიკიმედია საქართველო ორგანიზაციის ახალი მოწვევის სამეურვეო საბჭოს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ახალი საბჭო ორგანიზაციას მდგრადი განვითარების გზაზე უხელმძღვანელებს.

Can you help us translate this article?

In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?