
ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ათობით ქვეყნიდან ვიკიპედიელები და ვიკიმედიელები, ფონდ ვიკიმედიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე — ვიკიმანიაზე იკრიბებიან. ვიკიმანია წარმოადგენს მდგრად პლატფორმას, სადაც ვიკიმედიის მოხალისე რედაქტორები და თავისუფალი ცოდნის გამავრცელებელი სხვა ენთუზიასტები იძენენ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, იცნობენ სხვა მათნაირ მოხალისე რედაქტორებს და სხვებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და უნარ-ჩვევებს. კონფერენცია ყოველწლიურად პირისპირი შეხვედრის სახით იმართება, თუმცა, იგი ონლაინ ტრანსლირდება და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ვიკიმედიის ისტორიაში პირველი ვიკიმანია 2005 წელს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა, რომელსაც 400-მდე ადამიანი დაესწრო, ხოლო ყველაზე ხალხმრავალი კონფერენცია 2024 წელს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართული ვიკიმანია გახდა, რომელსაც 2000-მდე ადამიანი დაესწრო.
ყოველწლიურად, ფონდი ვიკიმედია, რომელიც ფლობს და მართვას ვიკიმედიის პროექტებს (მათ შორის, ვიკიპედიას) 300-მდე მოხალისე რედაქტორს ვიკიმანიაზე დასასწრებად სტიპენდიას აძლევს, რომელიც ფარავს მოხალისეს ავიაბილეთის, სასტუმროს და საკვების ხარჯებს. ყველა დანარჩენი დამსწრე პირი თავისი ხარჯებით ან სხვა ვიკიმედიური ორგანიზაციის დაფინანსებით მონაწილეობს.
2023 წლიდან, ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების რედაქტორებს „ვიკიმედია საქართველოც“ აწვდის სტიპენდიას, რომელიც ასევე ფარავს მოხალისე რედაქტორის ფრენის და დაბინავების ხარჯებს. მაგალითად, 2023 წელს ვიკიმედია საქართველომ ორ მოხალისე რედაქტორს მისცა სტიპენდია სინგაპურში გამართულ ვიკიმანიაზე დასასწრებად. 2025 წელს კი უკვე სამ მოხალისე რედაქტორს.
2025 წლის ვიკიმანია, რომელიც კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაიმართა, ისტორიაში მესამე ვიკიმანია გახდა, რომელიც აფრიკის კონტინენტზე შედგა, 2008 წელს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში და 2018 წელს სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში გამართული ვიკიმანიის შემდეგ. ეს ისტორიული ვიკიმანია გახდა ასევე საქართველოს ვიკიმედიის საზოგადოებისთვისაც, რომელსაც საქართველოდან ყველაზე მეტი მოხალისე რედაქტორმა დაესწრო მას. ჯამში, 2025 წლის ვიკიმანიაზე საქართველოდან ხუთმა (5) მოხალისე რედაქტორმა მიიღო მონაწილეობა, აქედან სამი „ვიკიმედია საქართველოს“ და ორი „ფონდ ვიკიმედიის“ დაფინანსებით.
საქართველოდან მონაწილე ორი რედაქტორისთვის, სადაც ორივე ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიანტი იყო, ეს პირველი ვიკიმანია გახდა. ჯაბა ლაბაძე, რომელიც 17 წელია არის ვიკიპედიის და ვიკიმედიის პროექტების მოხალისე, ასე აღწერს თავის პირველ ვიკიმანიას:
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე 17 წელია ქართულენოვან ვიკიპედიაში ვარ, ნაირობის ვიკიმანია ჩემთვის ვიკიმანიასთან ურთიერთობის დასაწყისი იყო, სადაც ვიკიმანიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვიკიპედიელებს ხვდები და მათ გამოცდილებას იზიარებ.
ვიკიმანია ჩემთვის პირველ რიგში არის შესაძლებლობა დავაგროვო უამრავი გამოცდილება და შემდეგ ის გავუზიარო ჩემი მშობლიური ვიკიპედიის რედაქტორებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვიკიმანიაზე მიღებულ გამოცდილებას ახლა აქტიურად ვუზიარებ ადგილობრივ ვიკისაზოგადოებას, როგორც ონლაინ, ისე პირადად. ვფიქრობ, ეს ვიკიმანიის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია. ასევე, ვიკიმანიაზე მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი პატარა და აქტიურად განვითარებადი ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის ვიკიმედია საქართველო.“

მიხეილ ჭაბუკაშვილისთვის ეს მეოთხე ვიკიმანია გახდა, 2015, 2017 და 2023 წლის ვიკიმანიის შემდეგ. მან კონფერენციაზე მიღებული თავისი შთაბეჭდილება ასე აღწერა:
„ჩემთვის ვიკიმანია განსაკუთრებული ღონისძიებაა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ველოდები. რა შეიძლება იყოს გამოცდილი ვიკიმედიელისთვის იმაზე მეტად სასიამოვნო და ამაღელვებელი, ვიდრე მთლიანად ვიკიმედიის პროექტებისადმი მიძღვნილი რამდენიმე დღე. ადგილი, სადაც ხვდები ასობით ვიკიპედიელსა და ვიკიმედიელს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ძველ მეგობრებს, ნაცნობებს, თანამოაზრეებს. სადაც დაუსრულებლად შეგიძლია ისაუბრო ვიკიპედიაზე, ვიკიმედიის სხვა პროექტებზე და გაიცნო ახალი ადამიანები.
ისევე როგორც ყველა სხვა ვიკიმანია, წლევანდელიც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ისეთი პატარა და აქტიურად განვითარებადი ვიკისაზოგადოებებისთვის, როგორიც არის ვიკიმედია საქართველო. ჩვენ იქ ვნახეთ არაერთი ვიკიმედიელი და ორგანიზაცია, რომლებმაც წლების წინ გაიარეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია, შეიძლება ითქვას, გდამწყვეტიც კი.“

ვიკიმედია საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მეჰმან იბრაგიმოვის მოსაზღებით, ვიკიმანია უნიკალური პლატფორმაა, სადაც ლოკალური ვიკიმედიის საზოგადოების წევრები ხვდებიან გლობალური ვიკიმედიის საზოგადოების წევრებს და ერთად მსჯელობენ ვიკიპედიის და სხვა ვიკიმედიის პროექტების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიკიპედია უფრო მეტად იძენს მნიშვნელობას და აუცილებელია მისი შემქმნელების ხშირი შეხვედრები და მათ შორის აზრთა გაცვლის პროცესი.
ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების მოხალისეების მხარდაჭერას და განაგრძობს გლობალურ ღონისძიებებზე მათი მონაწილეობის და ჩართულობის უზრუნველყოფას.
ინდივიდუალური მოხსენებები:
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation