
საქართველოს ვიკიმედიის საზოგადოება და ქართულენოვანი პროექტების მოხალისე რედაქტორები ვართ უფრო დიდი რეგიონალური ოჯახის წევრები — ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა გაერთიანების. გაერთიანება მოიცავს ამ რეგიონის ყველა ვიკისაზოგადოებას, დასავლეთით ჩეხეთით დაწყებული, აღმოსავლეთით აზერბაიჯანით დამთავრებული. 2022 წლიდან, ამ რეგიონს, ცენტრალური აზიის ვიკისაზოგადოებებიც (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) დაემატა, რეგიონთან ენობრივი და სოციო-კულტურული კავშირის გამო.
2012 წლიდან, რეგიონს გააჩნია მდგრადი პლატფორმა ყოველწლიური კონფერენციის სახით, რომლის მიზანია აზრთა და გამოცდილების გაზიარება და ურთიერთგაცვლა. პირველი კონფერენცია „Wikimedia CEE Meeting“ (ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრა) 2012 წელს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა და მას რეგიონის დაახლოებით 17 ქვეყნიდან ვიკიმედიის პროექტების 45-მდე მოხალისე რედაქტორი დაესწრო. კონფერენცია ყოველწლიურად რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში, „ფონდ ვიკიმედიის“ ფინანსური მხარდაჭერით, კონკრეტული ქვეყნის ვიკიმედიური ორგანიზაციის მიერ ტარდება. აღნიშნულ კონფერენცია 2023 წლის სექტემბერში „ვიკიმედია საქართველოს“ ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატარდა.

2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, 26-28 სექტემბერს გაიმართა. მასში ვიკიმედია საქართველოს სახელით 7 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქართული ვიკიმედიის საზოგადოების ამ კონფერენციაში მონაწილეობის ისტორიაში. მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ვიკიმედია საქართველოსა და ფონდ ვიკიმედიის სტიპენდიების საშუალებით.
შეხვედრა, სამი დღის მანძილზე, პარალელურ სესიებად ჩატარდა და საერთო ჯამში 70-ზე მეტი გამოსვლა დაფიქსირდა. სესიების თემატიკა შეეხებოდა გამოცდილების გაზიარებას, განათლებას, მრავალფეროვნებას, თანამშრომლობას, ტექნოლოგიას და საზოგადოების ჩართულობას. ვიკიმედია საქართველომ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში ჩატარებული ვიკიბანაკების და მასში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის გამოცდილება.
კონფერენციაში მონაწილეობის გამოცდილებაზე მოხსენებები დაწერეს ვიკიმედია საქართველოს დელეგატებმაც და გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილება. ვიკიმედია საქართველოს ერთ-ერთი დელეგატი და დღეს უკვე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი, მიმოზა ღოლიჯაშვილი, ხაზს უსვამს ასეთი პირისპირი კონფერენციის ჩატარების აუცილებლობას:
„ნებისმიერი საერთაშორისო შეხვედრის, მათ შორის, ვიკიკონფერენციის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ადამიანური ურთიერთობები აღმოჩნდა. ეს არის ის ელემენტი, რომელიც ფორმალურ სესიებს სცილდება და საზოგადოებას აცოცხლებს. ჩემი დაკვირვებით, ვიკიპედიელების დიდი ნაწილი ინტროვერტული ბუნებისაა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა „CEE Meeting“ ერთმანეთის გაცნობის, პირისპირ საუბრისა და გამოცდილების გაზიარების იშვიათი შესაძლებლობა.“
თავის შთაბეჭდილებაზე დაწერა ასევე ახლა უკვე ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ და კონფერენციაზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა დელეგატმა, ბექა ბაიაშვილმა. მას კონფერენციაზე განსაკუთრებით ტექნიკური საკითხები აინტერესებდა და ამ მიმართულებით ახალი უნარებიც შეიძინა:

„კონფერენციის თემებიდან განსაკუთრებით ტექნიკურმა საკითხებმა დამაინტერესა. მაგალითად, ვისწავლე ხელსაწყო, რომელსაც ვიკიპედიაში (და არა მარტო) კატეგორიების ავტომატურად დამატება შეუძლია. ჩემთვის, როგორც გამოცდილი ვიკიპედიელისთვის, ეს დიდი აღმოჩენა იყო. ხელსაწყომ იმდენად მომხიბლა, რომ მის შესახებ ქართულ ენაზე YouTube ვიდეოც ჩავწერე ქართველი ვიკიპედიელებისთვის.“
ბექას გამოცდილებით უკვე სარგებლობენ ქართულენოვანი ვიკიპედიის რედაქტორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ბექას მიერ შემოთავაზებულ ხელსაწყოს თავიანთ საქმიანობაში.
შთაბეჭდილება ასევე გაგვიზიარა მარიამ ამილახვარმა, რომელიც ასევე ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრია. 2025 წლის „CEE Meeting“-ი მარიამისთვის რიგით მეორე რეგიონალური შეხვედრა გახდა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო. მისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას, როგორც ახალი ცოდნის მიღების, ისე რეგიონის ვიკიმედიელებთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა მიეცა. ის აღნიშნავს, რომ:
„სამი დღის განმავლობაში სესიები და სამუშაო შეხვედრები მოიცავდა მრავალფეროვან თემებს: ვიკიპედიის განვითარებასა და თავისუფალი ცოდნის ხელშეწყობიდან დაწყებული, ვიკიმედიის სტრატეგიაზე, განათლებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დასრულებული.“

საბოლოო ჯამში, ვიკიმედია საქართველოსთვის ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული გახდა 2025 წლისთვის, სადაც ორგანიზაცია დელეგატების მაქსიმალური რიცხვით იყო წარმოდგენილი და რომელებმაც შეძლეს ქართულენოვანი ვიკისაზოგადოების ღირსეულად წარდგენა რეგიონალურ არენაზე. ასევე პროდუქტიული აღმოჩნდა როგორც მონაწილე, ისე ადგილობრივი ვიკიმედიის პროექტების რედაქტორებისთვის.
ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას რეგიონალურ შეხვედრებში და ამ მიზნით სტიპენდიების გამოყოფას ადგილობრივი ვიკისაზოგადოების წევრებისთვის.
მოხსენებები მონაწილეებისგან:
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation